ედუარდო კამავინგამ „რეალს“ უარი უთხრა და „რენში“ დარჩა
ედუარდო კამავინგამ „რეალს“ უარი უთხრა და „რენში“ დარჩა

„რენის“ საყრდენმა ნახევარმცველმა ედუარდო კამავინგამ ჟურნალისტებს გამოუცხადა, რომ უარი თქვა მადრიდის „რეალში” გადასვლის შესაძლებლობაზე. წლევანდელ ზაფხულს პრესაში არა ერთხელ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მადრიდელები დაინტერესებულები არიან 17 წლის ფეხბურთელის გაფორმებით. ასახელებდნენ ტრანსფერის სავარაუდო თანხასაც – 80 მილიონ ევროს.

„რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა დიდი კლუბი შენს მიმართ დაინტერესებას იჩენს, მაგრამ მე ამით დიდად გატაცებული არ ვარ.

„რენში“ დარჩენის გადაწყვეტილება ჩემს ოჯახთან ერთად მივიღე და ამით ძალიან ბედნიერები ვართ. მე, უბრალოდ, ფეხბურთზე უნდა ვიყო კონცენტრირებული და სხვა დანარჩენზე არ უნდა ვიფიქრო.

ცხოვრება ამ მომენტისთვის მშვენიერია“, – მოჰყავს ფრანგის სიტყვები გამოცემა Telefoot-ს.

კამავინგა „რენის“ აღზრდილია. 2019-20 წლების სეზონში მან საკლუბო დონეზე 36 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ცოტა ხნის წინ, ერთა ლიგაზე მას დებიუტი ჰქონდა საფრანგეთის ნაკრების რიგებში.