ედენ აზარი - მწვრთნელი რას იტყვის, არ მაინტერესებს
ედენ აზარი - მწვრთნელი რას იტყვის, არ მაინტერესებს

ედენ აზარი აცხადებს, რომ მისთვის სულ ერთია, რას ამბობს მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი.

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში ჩელსიმ პირველ მატჩში განცდილი მარცხი (0-1) გაანეიტრალა და საკუთარ მოედანზე ტოტენჰემს 2-1 მოუგო. გოლები ჩელსის სასარგებლოდ ნგოლო კანტემ და აზარმა გაიტანეს, თუმცა მეორე ტაიმში ფერნანდო ლიორენტემ ერთი ბურთი გაქვითა.

იმის გამო, რომ ინგლისის ლიგის თასზე სტუმრად გატანილი გოლის წესი არ მოქმედებს, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, აქ კი ჩელსის უფრო გაუმართლა და ფინალში სწორედ „არისტოკრატები“ გავიდნენ.

მიუხედავად ამისა, მაურიციო სარიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბელგიელისგან მეტს ელის.

„პოტენციალი უფრო დიდი აქვს, ვიდრე ამას მოედანზე აჩვენებს. მან პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი“, – განაცხადა სარიმ.

„მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობს მწვრთნელი. მე მაქსიმუმს ვაკეთებ და ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. მე ჩემ ფეხბურთს ვთამაშობ, ეს არის და ეს“, – განაცხადა ამის საპასუხოდ აზარმა.

ლიგის თასის ფინალში, რომელიც 24 თებერვალს, უემბლის სტადიონზე გაიმართება, ჩელსი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.