ებრალიძის პირველი გოლი ამხანაგურ მატჩში - „ანორთოსისი“ ისრაელის გუნდთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ავთო ებრალიძემ თავი გამოიჩინა პირველივე საკონტროლო შეხვედრაში, რომელიც კვიპროსული „ანორთოსისის“ ფორმით ჩაატარა.

ფამაგუსტას გუნდი პოლონეთში შეკრებაზე 25 ივლისს გაემგზავრა და სელანკას სპორტულ ცენტრში 8 აგვისტომდე მოემზადება. ფეხბურთელებს საშუალება აქვთ ივარჯიშონ იდეალურ პირობებში, რადგან ეს ის კომპლექსია, რომელსაც ხორვატიის ნაკრები ევრო 2012-ზე იყენებდა, ასევე რეგულარულად ემზადება პოლონეთის ნაკრები.

პოლონეთში „ანორთოსისთან“ ერთად გაემგზავრნენ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე, რომელიც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დარკო მილანიჩმა ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს დაიმატა.

„ანორთოსისი“ პირველ ამხანაგურ მატჩში დამარცხდა. ფამაგუსტელები ისრაელის გუნდს, პეტაჰ ტიკვას „ჰაპოელს“ შეხვდნენ და 3:2 წააგეს. ძირითად შემადგენლობაში არც ერთი ქართველი არ იყო. აღსანიშნავია, რომ ლორიას შემცვლელმა მეკარემ ძალიან არადამაჯერებლად ითამაშა, ებრალიძემ კი შეცვლაზე შევიდა და 90-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილი „ანორთოსისის“ მეორე გოლის ავტორი გახდა.

პოლონეთში „ანორთოსისი“ კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 30 ივლისს „ომონიასთან“, ხოლო 3 აგვისტოს – „რადომიაკთან“.