ებრალიძემ „პაფოსს“ გაუტანა - „დოქსამ“ მოგება ვერ შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

ავთო ებრალიძემ კვიპროსის ჩემპიონატში გაიტანა – ქართველი თავდამსხმელის გუნდი „დოქსა“ მე-5 ტურში გასვლაზე „პაფოსს“ ესტუმრა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.

სტადიო სტელიოს კირიაკიდისზე“ გამართულ შეხვედრაში ებრალიძე „დოქსას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და სტუმართა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ.

29 წლის ქართველმა მე-11 წუთზე სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მე-18 წუთზე უკვე საკუთარ საჯარიმოში სუფთად აართვა ბურთი „პაფოსის“ თავდამსხმელს, რომელიც პენალტს ითხოვდა, მაგრამ არბიტრი ვითარებაში სწრაფად გაერკვა და თამაში გააგრძელა.

ანგარიში 27-ე წუთზე ებრალიძემ გახსნა. საჯარიმოში მეურვეს გაექცა, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი დაახვედრა და ზუსტად დაარტყა. თუმცა,„პაფოსმა“ 67-ე წუთზე ჟაიროს გოლით წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 1:1.

ავთო ებრალიძე „დოქსაში“ ზაფხულში პორეტუგალიურილეიშოინშიდან“ გადავიდა, კვიპროსულ კლუბში 4-ჯერ ითამაშა და მეორე გოლი გაიტანა.