ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

11:16, 10.10.2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში დასკვნით საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს. მამაკაცთა შორის ტურნირზე ჩვენი გუნდი ორი მძიმეწონოსნით გამოვა. მსოფლიო ჩემპიონის, გურამ თუშიშვილის (რომელიც 2018 წელს ბაქოში გახდა ტურნირის გამარჯვებული) პირველი მეტოქე მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუ იქნება, მერვედფინალში კი, სავარაუდოდ, რუს ენდოვიცკისთან მოუწევს ორთაბრძოლა.

ირაკლი დემეტრაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი გამოცდილ უზბეკ ტურობოევს შეხვდება.

სოფიო სომხიშვილი პირველ შევედრას რუს ივანოვასთან ჩაატარებს.

ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ეროვნული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზეა.

მსგავსი