ძმებმა ბრაიანებმა კარიერა დაასრულეს
ძმებმა ბრაიანებმა კარიერა დაასრულეს

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელებმა ბობ და მაიკ ბრაიანებმა პროფესიული კარიერა დაასრულეს.

„ორივენი ვგრძნობთ, რომ ახლა ყველაზე შესაფერისი მომენტია ამისთვის. ამ ასაკში ტურნირებში მონაწილეობა ბევრ მუშაობას მოითხოვს. ჩვენ ჯერ ისევ გვიყვარს თამაში, მაგრამ აღარ გვიყვარს სხეულის მომზადება კორტზე გასასვლელად. აღდგენა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. წელს ჩვენ კონკურენტუნარიანები ვიყავით და გვინდა ისე წავიდეთ, რომ თამაშის კარგი დონე დავტოვოთ“, – განაცხადა მაიკ ბრაიანმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ტყუპი ძმები 2020 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ აპირებდნენ კარიერის დასრულებას, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა მათი გეგმები.

42 წლის ტყუპმა ძმებმა წყვილთა თანრიგში თამაშისას ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს ისტორიაში. მათ მოიგეს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) 119 ტურნირი, 16-ჯერ გაიმარჯვეს „დიდი სლემის“ ჩემპიონატებში და ოქროს მედლები მოიპოვეს 2012 წლის ოლიმპიადაზე.

ბრაიანები ჯამში 438 კვირის განმავლობაში ედგნენ სათავეში წყვილთა რეიტინგს.