ძმები სურკისების გადაწყვეტილებას ველოდები - წიტაიშვილი რუსული კლუბების ვარიანტებს არც განიხილავს #1TVSPORT
ძმები სურკისების გადაწყვეტილებას ველოდები - წიტაიშვილი რუსული კლუბების ვარიანტებს არც განიხილავს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა „სპორტ არენასთან“ ისაუბრა.

„სხვა კლუბების ვარიანტებს ჯერ ვერ განვიხილავ, რადგან კონტრაქტი „დინამოსთან“ მაქვს. ველოდები გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ ჩემპიონატთან დაკავშირებით, ასევე ჩემს მომავალთან იგორ და გრიგორი სურკისების პოზიციას – ჩვენ ამ თემაზე ჯერ არც გვისაუბრია. ასე რომ, ჩემი მომავლის შესახებ ჯერ კონკრეტული არაფერია. ჯერ უნდა გავიგო, რა გეგმები აქვს „დინამოს“ ამ მხრივ. ასე რომ, ახლა არის დრო, რომ კარგად დავფიქრდეთ. სად ვისურვებდი თამაშს? ძნელი სათქმელია. ჩემთვის მწვრთნელის, მენეჯმენტის დამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია და სად ვითამაშებ, უკრაინაში თუ სხვა ქვეყანაში, აღარ არის მნიშვნელოვანი. თუმცა ევროპაში ლეგიონერებს სხვანაირად ექცევიან, ვიდრე უკრაინაში. და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ნდობაზე. ეს დამოკიდებულება გაძლევს თავდაჯერებულობას“, – განაცხადა წიტაიშვილმა „სპორტ არენასთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ნაკრების წევრმა რუსეთის უკრანაში აგრესიაზე პოზიციაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა: 

„რუსეთში ადამიანები ფულის გულისთვის დადუმდნენ და უყურებენ, ხალხს როგორ ხოცავენ. ამ ადამიანებს არ სურთ განვითარება და ნორმალური ცხოვრება, ამის შემდეგ რუსეთს ნორმალური ცხოვრება არასოდეს ექნება“.

წიტაიშვილის თქმით, რუსული კლუბების ვარიანტს არც განიხილავს: 

„რუსული კლუბების შემოთავაზებები საერთოდ არ მაინტერესებს. მათ არც განვიხილავ. ფოტო რეპერ ბასტასთან? ის ერთ-ერთია, ვისაც ფულის დაკარგვის ეშინია. შესაძლოა, მისნაირები ომს მხარს არც უჭერენ, მაგრამ ფულის და ტკბილი ცხოვრების დაკარგვის ეშინიათ. თუ ხმას ამოიღებენ, წამში ყველაფერს დაკარგავენ“.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ გასული სეზონი იჯარით დაიწყო ოდესის „ჩერნომორეცში“ (15 მატჩი, 1 გოლი), ომის დაწყებისთანავე კი კრაკოვის „ვისლაში“ გადავიდა (7 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე პასი). მისი კონტრაქტი კიევის „დინამოსთან“ 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. Transfermarkt ფეხბურთელის ტრანსფერს ერთ მილიონ ევროდ აფასებს.