ძმები სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ - მათ 17 მილიონ დოლარზე მეტი წაიღეს #1TVSPORT
ძმები სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ - მათ 17 მილიონ დოლარზე მეტი წაიღეს #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა და მისმა ძმამ, უკრაინის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა ქვეყანა დატოვეს.

უკრანსკაია პრავდაზე“ დაყრდნობით Football24.ua ამტკიცებს, რომ მესაზღვრეებისგან საბუთის მოპოვება მოახერხა, რომელიც იგორ და გრიგორი სურკისების საზღვარგარეთ გამგზავრების დეტალებს ასახავდა. ისინი ორი მანქანით წავიდნენ.

„უკრაინის საბაჟოზე სურკისებმა ნაღდი ფულის დეკლარირება არ მოახდინეს, თუმცა უკვე უნგრეთის საზღვარზე განაცხადეს, რომ თან 17,6 მილიონი დოლარი ჰქონდათ. „დინამოს“ პრეზიდენტმა საზღვარი გადალახა ჯავშანმანქანით Maybach S650, რომლის მგზავრიც იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლგა რომანოვა. აღსანიშნავია, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს საზღვარგარეთ გამგზავრება ეკრძალებათ. გამონაკლისი შეიძლება იყოს სამი ან მეტი შვილის მამა“, – წერს „უკრაინსკაია პრავდა“.

უკრაინულ მედიაში ხაზს იმასაც უსვამენ, რომ კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა რუსეთის აგრესიის შესახებ პირველი საჯარო განცხადება მხოლოდ ომის დაწყებიდან 20 დღის შემდეგ გააკეთა.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „დინამოს“, საკლუბო სოციალური ქსელები რეგულარულად აშუქებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მრავალრიცხოვან უცხოელ ვიზიტორებს აჩვენებენ რუსეთის შეიარაღებული აგრესიით გამოწვეული ნგრევის მასშტაბებს. კიეველთა მედიასამსახური ნამდვილად არ დუმს, ტელეკომპანია „დინამო“ აქვეყნებს ვიდეოებს, ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია ხელისუფლებისგან, სოციალურ ქსელებში კი ინგლისურად აცნობებენ რუსული არმიის ჩადენილ ყველა საშინელებასა და დანაშაულს.