მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი თავის ძმასთან, ჯეიმისთან ერთად ითამაშებს ვაშინგტონის ტურნირის წყვილთა თანრიგში, – წერს სააგენტო „რეიტერი“ (REUTERS).
ეს ტურნირი მეოთხე იქნება ენდისთვის იანვარში ბარძაყზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.
ბოლოს ძმებმა მარეებმა ერთად 2016 წლის ოლიმპიადაზე ითამაშეს, სადაც მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშნენ ბრძოლას.
წელს ენდი მარეიმ უიმბლდონის წყვილთა ტურნირში მეორე წრემდე მიაღწია ფრანგ პიერ-უგ ერბერთან ერთად, ასევე უიმბლდონის მიქსტში ითამაშა სერენა უილიამსთან ერთად და იქ მერვედფინალამდე მივიდა. მანამდე ენდიმ ესპანელ ფელისიანო ლოპესთან ერთად მოიგო ლონდონის „ქუინზ ქლაბის“ ტურნირი.
ვაშინგტონის ტურნირი მომავალ კვირას დაიწყება. ჯეიმი მარეი წყვილებში მოქმედი ჩემპიონია – შარშან მან ბრაზილიელ ბრუნო სუარეშთან ერთად გაიმარჯვა.