ძლიერი ბიჭია და იმედია, „ნაპოლიში“ წარმატებით ითამაშებს - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა #1TVSPORT
ძლიერი ბიჭია და იმედია, „ნაპოლიში“ წარმატებით ითამაშებს - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა #1TVSPORT

ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა 21 წლის ფეხბურთელს „ნაპოლიში“ წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ მისი ბათუმის „დინამოში“ გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო. სანიოლმა ასევე თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ნაკრებში ფსიქოლოგიური პრობლემები არასოდეს ჰქონია.

„ხვიჩას მარტში ვესაუბრე, როდესაც ყაზანის „რუბინიდან“ ბათუმის „დინამოში“ მოდიოდა. მიმაჩნია, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ეს სწორი ნაბიჯი იყო.

რაც შეეხება „ნაპოლიში“ გადასვლას, ეს ხვიჩასთვის დიდი გამოწვევა და შანსია. ის ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ იტალიურ კლუბში ადგილის დასამკვიდრებლად დიდი შრომა დასჭირდება. მაგრამ ამის პოტენციალი გააჩნია და წარმატებებს ვუსურვებ.

იყო საუბარი მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მაგრამ მარტის მატჩებზე მე ეს არ შემინიშნავს. პირიქით, ხვიჩა ძლიერი ბიჭია და დიდი მოლოდინი მაქვს, რომ „ნაპოლიში“ წარმატებით ითამაშებს.

საერთოდ, ნაკრებისთვის არის კარგი, რომ მამარდაშვილი „ვალენსიაშია“, კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადადის, ითქვა, რომ კაკაბაძეს „შტუტგარტი“ იწვევს. ეს საქართველოს ნაკრებს გააძლიერებს.“