მინსკში მეორე ევროპული თამაშების პროგრამით ძიუდოში შეჯიბრი 22-დან 24 ივნისის ჩათვლით გაიმართება. შეჯიბრის კენჭისყრა დღეს შედგა.
60 კგ. წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს და ის და მეორე წრეში ხოაკინ გომესსა (ესპანეთი) და ბენ დავიდს (ისრაელი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
პაპინაშვილის მსგავსად, პირველ წრეში თავისუფალია ლუხუმ ჩხვიმიანიც, მისი პირველი მეტოქე, ან თურქი მიჰრაჩ აკკუსი, ან ბულგარელი ვალენტინ ალიპიევი იქნება.
66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი სერბ სტრანია ბუნჩიჩის, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილი ფრანგი კილიან ლე ბლუს მეტოქე იქნება.
73 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი მოლდოველ იონ ნაკუს წინააღმდეგ იჭიდავებს.
81 კგ-ში ლუკა მაისურაძეს მეტოქედ ფრანგი ალფა უმარ დჯალო ერგო.
90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს დაუპირისპირდება. 100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი ტურნირს მეორე წრიდან იწყებს, ლიპარტელიანი ბელორუს მიკიტა სვირიდს და პოლონელ ივო ბარანიევსკის შორის გამარჯვებულის წინააღმდეგ იჭიდავებს.
მეორე ევროპული თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მედროშე მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი სტარტს რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუსთან შეხვედრით აიღებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობის ერთადერთი გოგონა ეთერ ლიპარტელიანი კი 57 კგ. წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელი იჩინხორლოო მუნხცედევის მეტოქე იქნება.
ხვალ, ევროპულ თამაშებზე ძიუდოში პირველი მედლები გათამაშდება და საქართველოს ნაკრების წევრთაგან ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) იჭიდავებენ.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11 საათსა და 30 წუთიდან დაიწყება.