ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია - ქართული ძიუდოს სკოლაში | თბილისის გრანპრი
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია - ქართული ძიუდოს სკოლაში | თბილისის გრანპრი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თბილისის გრან პრის გათამაშებას სპეციალური სტატია მიუძღვნეს –

“ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მორიგი ტური საქართველოს დედაქალაქში ჩატარდება. ყოველწლიური გრან პრის გათამაშება თბილისში 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

მამაცი მებრძოლებით დახუნძლული საქართველო სპორტის სექტორში და განსაკუთრებით ძიუდოში, ფასეულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

მართალია, საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს ითვლის, ქვეყნის ფართობი კი 70,000 კვადრატული კილომეტრია, მაგრამ მათ ძიუდოს მსოფლიო სარბიელზე სახელი მნიშვნელოვნად გაითქვეს.

ათწლეულების განმავლობაში, ძიუდო ეროვნულ დონეზე სწრაფად ვითარდებოდა. აღნიშნული წარმატების ზუსტი ფორმულის დასახელება გაჭირდება, მაგრამ მათი ქვეყნის ისტორია – გამუდმებული ბრძოლები და სირთულეები, შეზავებული მემკვიდრეობით კულტურასა და საბრძოლო ხელოვნებებთან, ჭეშმარიტი ქართული ძიუდოს ჩამოყალიბებისათვის მთავარ მამოძრავებელ ძალას უნდა წარმოადგენდეს.

რაც შეეხება ძიუდოს ქართულ სკოლას, უნდა ითქვას, რომ მათი კულტურისა და ძიუდოს ლოკალიზება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში არ მომხდარა. საზღვარგარეთ არაერთი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს, მაგალითისათვის შეგვიძლია ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ილიას ილიადისი დავასახელოთ მართალია, იგი საბერძნეთის დროშით ასპარეზობს მაგრამ საქართველოში კერძოდ კი კახეთში დაიბადა.

დავუბრუნდუთ თბილისს – სადაც პარასკევიდან 200 სპორტსმენი პრესტიჟული ჯილდოს – გრან პრის მოსაპოვებლად იბრძოლებს, რომელსაც თავის მხრივ, ხანგრძლივი ისტორია აქვს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მთავარმა მდივანმა და საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან-ლუკ რუჟმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა მაგალითი თბილისის ჩემპიონატისგან აიღო, რომელმაც 1970 წლებში ძიუდოს სამყაროს ყურადღების მიპყრობა მოახერხა, სანაცვლოდ კი ლოგიკური და სრულიად დამსახურებული იყო მისი ძიუდოს საერთაშორისო ოჯახში შეყვანა და ეს ტურნირი დღეს უკვე გრან პრის სტატუსის მატარებელია.

ქართველი სპორტსმენები კიდევ ერთხელ შეეცდებიან ასახელონ ქვეყანა-საქართველო. ქართულ დელეგაციას:- ამირან პაპინაშვილი (60 კგ – მსოფლიო რეიტინგი – 5), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ – მსოფლიო რეიტინგი – 3), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ – მსოფლიო რეიტინგი – 5), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ – მსოფლიო რეიტინგი – 2), გურამ თუშიშვილი (100+კგ – მსოფლიო რეიტინგი – 2) და სხვები წარმოადგენენ. 

თბილისში ყველა გამოჩენილი ქართველი ძიუდოისტი შეიკრიბება, როგორც უკვე აღიარებული ლეგენდები, ასევე მომავალი გმირები. ამჯერად, ქართველი სპორტსმენები გულშემატკივართა გახარებას მშობლიურ მხარეში შეეცდებიან.

თუკი რამდენიმე წლის წინ, ქართულმა ძიუდომ მხოლოდ მამაკაცი ძიუდოისტებით გაითქვა სახელი, წლევანდელ გრან პრიზე 12 ახალგაზრდა ქალბატონი იასპარეზებს რაც დასტურია, რომ საქართველოში ქალთა ძიუდოს სკოლა იზრდება და ვითარდება.

სხვა დელეგაციებთან ერთად, საქართველოში აზერბაიჯანიც იასპარეზებს, რომელმაც სექტემბერში ბაქოში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადება უკვე დაიწყო.

ამასთან, ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ბრაზილიის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ჰოლანდიის, რუსეთისა და ყაზახეთის გუნდები. თითოეული ქვეყანა როგორც მინიმუმ თბილისში 15 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.”

ტურნირის კენჭიყრა 29 მარტს, 14 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”  ჩატარდება.

30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ფინალური ეტაპის რეპორტაჟებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.