ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ხვალ აირჩევენ
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა ხვალ 12 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს.
ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ათაბეგაშვილი პრეზიდენტის პოსტზე კლუბ „ლიდერის“ წარმომადგენლებმა წარადგინეს.
ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ალექსიძის მხარდამჭერი არის კლუბი „ხაბარელი“.
პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს კლუბ „ბაგრატ 2015“-ის მიერ წარდგენილი დავით ხახალეიშვილიც. ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი კენჭს 2012 წელსაც იყრიდა, თუმცა არჩევნებამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
კიდევ ერთი კანდიდატი კლუბ „ბლექ თაიგერის“ წარმომადგენელი დავით ხახუტაშვილია. ყველაზე ბოლოს კი პრეზიდენტობის სურვილი დავით ქევხიშვილმა დააფიქსირა და ის რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კლუბ „ელვას“ რჩეული აღმოჩნდა.
ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ივნისში სპორტსმენების პროტესტის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა.
ხვალ სასტუმრო “ბილტმორში” რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტს 46 დელეგატი აირჩევს.

გიორგი ათაბეგაშვილი

დავით ქევხიშვილი

გიორგი ალექსიძე (შუაში)