ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი - ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ზღუდავს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რაც შეჯიბრებითობასა და თანასწორობას ეფუძნება
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი - ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ზღუდავს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რაც შეჯიბრებითობასა და თანასწორობას ეფუძნება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი პირველი არხისთვის გაკეთებულ კომენტარში ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

„ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ეს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. იმ შემთხვევაში თუკი ყრილობაზე არ მოხდება ცვლილების ხელახალი განხილვა და არ იქნება საზოგადოებისთვის დეტალურად ახსნილი, რატომ მოხდა ოლიმპიური კომიტეტის წესდების შეცვლა, ჩვენ სესიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მერვე მუხლის პირველი პუნქტის შეცვლა სრულიად უსაფუძვლოა და ზღუდავს იმ ფუნდამენტურ პრინციპს რაც შეჯიბრებითობას და თანასწორობას ეფუძნება, რამეთუ მიღებული ცვლილება დროში უსწრებს კონკურენციას და არჩევნებში მონაწილე დაინტერესებული მხარეები სათანადო მომზადებას ვერ ასწრებენ.

თუკი წესდების ცვლილება აუცილებელია, მაშინ ის ოთხი წლის შემდგომ დანიშნული არჩევნებისთვის უნდა დაფიქსირდეს. არ გვაქვს წინააღმდეგობა პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ, გვინდა ოლიმპიური მოძრაობა და ოლიმპიზმი საქართველოში უპრობლემოდ განვითარდეს და ის საერთაშორისო სარბიელზე ქვეყნის იმიჯის გარანტი იყოს“, – განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 11 სექტემბერს გაიმართება და დებულების თანახმად ყრილობაზე ძიუდოს ფედერაცია არჩევნებში მონაწილე ხმის უფლების მქონე ორმა დელეგატმა უნდა წარმოადგინოს.