ძიუდოს ფედერაციაში ოსაკაში მომხდარ სავარაუდო ინციდენტზე ისაუბრეს
ძიუდოს ფედერაციაში ოსაკაში მომხდარ სავარაუდო ინციდენტზე ისაუბრეს

დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც იმსჯელეს რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე იაპონიის ქალაქ ოსაკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. შეგახსენებთ, რომ დაუდასტურებელი ცნობებით, ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც რამდენიმე სპორტსმენი, მათ შორის ილიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვუილი დაშავდა და ტურნირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

სხდომის შემდეგ, პირველ არხთან ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა ისაუბრა.

„იაპონიაში, ოსაკას გრანპრიზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დღეს აღმასკომის სხდომაზე ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ისაუბრა. აღმასკომზე ის სპეციალურად ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ. მას მომხდარი არ დაუდასტურებია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შევქმნათ კომისია, რომელიც აღნიშნულ ამბავს გამოიძიებს. გვაქვს სურვილი, რომ კომისიაში იყვნენ ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. მეტი გამჭვირვალობისთვის კომისიის სხდომის გასაშუქებლად აქტიურად უნდა ჩაერთოს მედიაც. ჯერ არ ვიცით, ამას რა დრო დასჭირდება. ეროვნული ნაკრები ჩინეთში გასამართი გრანპრისთვის ემზადება და ძიუდოისტები მომავალ ტურნირში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ“, – აცხადებს ათაბეგაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ოსაკაში გამართულ გრან-პრიზე ეროვნულმა ნაკრებმა აპარეზობა უმედლოდ დაასრულა.