ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა
დღეს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა –
2018 წლის 5 ივნისს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა დადგენილება და გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:
- დადგენილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ – აღმასკომის 5 წევრისგან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის და ასევე ფედერაციის ეფექტიანი და სწრაფი მუშაობის უზრუნველსაყოფად ამავე ჯგუფში წევრის სტატუსით მყოფ ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივანს დაეკისროს ფედერაციის მმართველობითი ფუნქციების განხორციელება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ წარმოშობილი ურთიერთობების დასარეგულირებლად. გენერალური მდივანი ამ პერიოდში განხორციელებული უფლებამოსილების დროს ანგარიშვალდებულია როგორც აღმასკომის, ასევე ყრილობის წინაშე. სამუშაო ჯგუფში შედიან: ზარქო კევლიშვილი, გიორგი ათაბეგაშვილი, თენგიზ ხუბულური, ზაზა გულბიანი და მამუკა ნავერიანი.
- თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა – მწვრთნელები ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრველი დანიშნულ იქნან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების გუნდის თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შესასრულებლად
- აღმასკომის წევრის შოთა ხაბარელის ქმედების შეფასების საკითხი – აღმასკომმა განიხილა მისი წევრის შოთა ხაბარელის ქმედებები უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამეთუ მის ქმედებებში არსებობს წევრის სტატუსისთვის შეუფერებელი საქციელის ნიშნები აღმასკომმა გადაწყვიტა უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს მისი აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე.
პირველი არხის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თავად შოთა ხაბარელი აღნიშნულ სხდომას არ დასწრებია.
https://www.facebook.com/GeorgianJudoFederation/photos/a.1227341000618285.1073742014.194604973891898/2007820329237011/?type=3&theater