ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებული დაბრუნდა
ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებული დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებული დაბრუნდა.

ძიუდოისტებმა ექვსი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

„ქართული ძიუდოს ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა, რომ ყველა წონით კატეგორიაში მოვიპოვეთ ოქროს მედალი. პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს. შეჯიბრი ძალიან ძლიერი და ემოციურად დატვირთული იყო, განწყობა იყო საბრძოლო. ვიბრძოლეთ და მივაღწიეთ წარმატებას“, – განაცხადა ოქროს მედლის მფლობელმა ლაშა ბექაურმა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილის თქმით, გუნდმა ეს წარმატება დაიმსახურა.

„თავაწეული ვბრუნდებით სამშობლოში და ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას. წლების წინ ფედერაციის მიერ დასახულმა მიზანმა და გუნდის რუტინულმა შრომამ შედეგი გამოიღო. მინდა, ხაზი გავუსვა რომ ძალიან დიდია სახელმწიფოს როლი. ეს არის გუნდი, რომელმაც ეს ყველაფერი დაიმსახურა და რა საკვირველია, ველოდით ამ წარმატებას. ერთი თვის შემდეგ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი და ვეცდებით, იქაც დავამტკიცოთ, რომ ეს გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი ათაბეგაშვილმა.

ახალგაზრდული ნაკრებიდან საქართველოს პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტი ჰყავს. ეთერ ლიპარტელიანის განცხადებით, მისთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა, როცა მისი ქვეყნის ჰიმნს აჟღერებენ.

„ძალიან სასიხარულოა, როცა ასეთ ძლიერ ტურნირზე ოქროს მედალს იღებ და შენს ქვეყანას წარმოაჩენ. ძალიან მეამაყება ეს ყველაფერი. მინდა, ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონი პირველი ქალი ძიუდოისტი ვარ“, – განაცხადა ეთერ ლიპარტელიანმა.

ევროპის ყველა ჩემპიონი ძიუდოს ფედერაციის პროგრამის „გამოწვევა 2020“-ის მონაწილეა, რომლის ხელმძღვანელია დავით ქევხიშვილი, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი. ფინეთში ევროპის ჩემპიონები: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ) გახდნენ. კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია. ვერცხლის მედალი 81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა დაისაკუთრა. ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები მარიამ ჭანტურია (-70კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ) არიან.