ძიუდოისტების გაფართოებული შეხვედრა - 17 იანვარს მორიგი სხდომა გაიმართება
ძიუდოისტების გაფართოებული შეხვედრა - 17 იანვარს მორიგი სხდომა გაიმართება

ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, სასტუმრო „ბილტმორში“ ამ სახეობის წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

მას ცნობილი ვეტერანი ძიუდოისტები, დამსახურებული მწვრთნელები, ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სხდომაზე საჭირბოროტო საკითხებსა და ვითარების მოგვარების გზებზე ილაპარაკეს. აზრის გამოხატვისა და საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის საშუალება ყველა დამსწრეს ჰქონდა.

სხდომა დახურული გახლდათ – მისი მონაწილეების თქმით, ძიუდოს ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელებს ნდობა გამოუცხადეს. ამას გარდა გადაწყდა, რომ კიდევ ერთხელ 17 იანვარს უკვე ვიწრო ფორმატით შეიკრიბებიან და საკითხის საბოლოო მოგვარებაზე შეთანხმდებიან, სხდომაზე კი ნაკრების წევრებსაც მიიწვევენ.

„მთავარია, რომ შეხვედრაზე ის თემები განვიხილეთ, რამაც უნდა გაგვაერთიანოს და არა ის, რაც დაგვყოფს. სამწუხაროდ, დღეს ყველა ის ცნობილი სპორტსმენი არ მოვიდა, რომლებიც მოწვეულები იყვნენ. მაგრამ ეს ხალხი იყნენ, არიან და მუდამ იქნებიან ძიუდოს დიდი ოჯახის გამორჩეული წევრები. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითარება მოგვარდება და ქართული ძიუდოში ისეთი ერთსულოვნება გაჩნდება, რისი მოლოდინიც ხალხშია. არსებობს კონკრეტული გეგმაც, თუ როგორ შეიძლება პრობლემები მოგვარდეს“ – ამბობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი.