ძიუდო | ზაგრების გრან პრიზე მედლების მოპოვებას დღეს სამი ქართველი შეეცდება #1TVSPORT
ძიუდო | ზაგრების გრან პრიზე მედლების მოპოვებას დღეს სამი ქართველი შეეცდება #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში დღეს სტარტს აიღებს ზაგრების გრან პრი ძიუდოში.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 12 სპორტსმენით გამოვა, რომელთაგანაც პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოპოვებას სამნი შეეცდებიან.

60 კგ წონით კატეგორიაში 19 წლის გიორგი სარდალაშვილი იჭიდავებს, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის გრანდ სლემზე ვიცე-ჩემპიონი გახდა, ახალგაზრდებში კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. ახალგაზრდა ქართველი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ტაჯიკი მუჰამადსოლე ქუვატოვი იქნება.

66 კგ-ში საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს. იგი სატურნირო ბადეში განთესილია და შესაბამისად მეორე ეტაპიდან იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე სერბ სტაჰინია ბუნჩიჩსა და ტაჯიკ ალიონ საფარალიევს შორის გამარჯვებული იქნება.

57 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის, საქართველოს ნაკრების ღირსებას ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს. ეთერი ტურნირზე განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც იგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ასეილა ტოპრაკს შეხვდება.

ზაგრების გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.