ძიუდო | თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძე ნახევარფინალში იჭიდავებს[ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ტურნირის ბოლო დღეს ხუთი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგან გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში გავიდა, ილია სულამანიძე (100კგ) – ნახევარფინალში, ბექაური (90კგ) კი მეოთხედფინალში იჭიდავებს.

გურამმა ფინალში გასასვლელად უნგრელი რიჩარდ სიპოში დაამარცხა და ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში ფინელ პუმალაინენს ან ნიდერლანდელ სნიპეს შეხვდება. სულამანიძემ ტურნირის ნახევარფინალში ავსტრიელი ფარა დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ისრაელის წარმომადგენელ პალჩიკს დაუპირისპირდება.

დღეს გამომსვლელი ორი ქართველი ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყო, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.