ძიუდო | თბილისის გრანდ სლემი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ძიუდო | თბილისის გრანდ სლემი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

თბილისში 24-26 მარტს ძიუდოში გრანდ სლემი გაიმართება, რომლის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ტურნირის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია TKT-ge-ზე. ბილეთის ფასი სამივე საშეჯიბრო დღეს 10 ლარიდან 25 ლარამდეა.

წინასწარი შეხვედრები, სავარაუდოდ, 10:00 საათზე დაიწყება (ზუსტი დრო 23 მარტს წილისყრის შემდეგ გამოცხადდება), ფინალური ბლოკი სამივე დღეს 17:00 საათზე გაიმართება. გრანდ სლემი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 39 ძიუდოისტით იასპარეზა, რომელთაგან 14-მა მედლის მოპოვება შეძლო (5 ოქრო, 4 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) და ამ შედეგით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

შარშან ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: თემურ ნოზაძე (-60), ლაშა შავდათუაშვილი (-73), ბექა ღვინიაშვილი (-90), ონისე სანებლიძე (-100) და გელა ზაალიშვილი (+100).