ძიუდო | ტაშკენტის გრანდ სლემზე ქართველების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ძიუდო | ტაშკენტის გრანდ სლემზე ქართველების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი 1-3 მარტს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე 68 ქვეყნის 495 სპორტსმენია დარეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე ექვსი მამაკაცი ძიუდოისტით იასპარეზებს. დღეს ტაშკენტში გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა. ხვალ, პირველ მარტს, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი იჭიდავებს.

60 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელი ორივე ქართველი ერთ ბადეში მოხვდა. გიორგი სარდალაშვილი პირველ შევედრას უზბეკ კამოლიდდინ ბახტიიოროვთან ჩაატარებს, ლუხუმ ჩხვიმიანი კი პორტუგალიელ როდრიგო კოსტა ლოპესს შეხვდება. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტები ერთმანეთთან მეოთხედფინალში იჭიდავებენ.

66 კგ-ში ლაშა ნადირაძე ტურნირზე გამოსვლას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელს, ბარუჩ შმაილოვსა და ჩინეთის ტაიპეის გუნდის წევრს, იენ-მინგ ჩენგს შორის გამარჯვებული იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ), ლაშა ნადირაძე (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (ორივე – 100 კგ).

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტში ცხრა ძიუდოისტით იასპარეზა და სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემი მოიგო, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) – ვერცხლის, გელა ზაალიშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.