გიორგი სარდალაშვილი (60კგ) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ფრანგი რიკარდი ვაზარით დაამარცხა და ფინალში თურქ ილდისსა და უზბეკ რუზიევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი ორი ძიუდოისტი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლაშა ნადირაძე (66 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ), ლაშა ნადირაძე (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (ორივე – 100 კგ).
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტში ცხრა ძიუდოისტით იასპარეზა და სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემი მოიგო, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) – ვერცხლის, გელა ზაალიშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.