ძიუდო | პარიზის გრან სლემზე დღეს შვიდ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ.
მედლებისთვის იბრძოლებენ ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე (ორივე 81 კგ), ლუკა მაისურაძე, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ), საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ).
პარიზის გრანდ სლემზე 2 თებერვალს მამაკაცთა შორის – 81, 90, 100 და +100, ხოლო ქალებში 70, 78 და +78 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები იჭიდავებენ.
ასპარეზობა თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პირველ თებერვალს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალურ ბლოკში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მურად ჩოპანოვს იპონით მოუგო. 2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.