ძიუდო | ნინო ლოლაძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ნინო ლოლაძემ (57 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა პირველ წრეში ბულგარელი სნეჟანა გრამატიკოვა იპონით დაამარცხა და მერვედფინალში სერბ მარიცა პერისიჩს დაუპირისპირდება.
კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.