ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატი | საიდ მოლაიმ ისტორიული ოქრო მოიპოვა, კლარის აგბეგნენოუმ ტიტული შეინარჩუნა [ფოტო/ვიდეო]
ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატი | საიდ მოლაიმ ისტორიული ოქრო მოიპოვა, კლარის აგბეგნენოუმ ტიტული შეინარჩუნა [ფოტო/ვიდეო]

დღის მთავარი და საკუთარი ქვეყნის ეროვნული გმირი გახდა ირანელი საიდ მოლაი. იგი ისტორიაში მეორე ირანელია, რომელმაც ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მიუხედავად პირველ ნომრად განთესვისა, საიდისგან ამ წარმატებას ბევრი ნამდვილად არ ელოდა. ფინალამდე, სხვებთან ერთად, გზიდან ქართული წარმოშობის ორი ძიუდოისტი, პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე და თურქეთის ნაკრების წევრი ვედატ ალბაირაქიც (ვანო რევაზიშვილი) ჩამოიშორა. გადამწყვეტ შეხვედრაში მოლაიმ მამაკაცთა შორის იაპონელებს მესამე ოქროს აღების საშუალება არ მისცა. მან სოტარო ფუჯივარას დამატებით დროში ეფექტური იპონით მოუგო და თანამემამულე არაშ მირესმაელის შემდეგ (2001; 2003) მეორე ირანელი გახდა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის ჰიმნი ააჟღერა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ვედატ ალბარიაქმა, იგივე ვანო რევაზიშვილმა, რომელიც თურქეთის სახელთ ასპარეზობს. შეგახსნებთ რომ თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი -ირაკლი უზნაძეა, მას ასისტენტობას კი დავით ასუმბანი უწევს.

რაც შეეხება მეორე ბრინჯაოს მედალს იგი გერმანელებმა ერთმანეთში გაითამშეს და საბოლოოდ ალექსანდერ ვაიჩერზაკს ერგო.

ამავე წონაში დღეს ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა ზებედა რეხვიაშვილი, რომელმაც უკვე ნახსენებ ანრი ეგუტიძესთან მეორე წრეში წააგო.

81 კგ
1. საიდ მოლაეი (ირანი)
2. სატორო ფუჯივარა (იაპონია)
3. ვედატ ალბაირაკი (თურქეთი) – ალექსანდერ ვაიჩერზაკი (გერმანია)

ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, ფრანგმა – კლარის აგბეგნენოუმ. 25 წლის აგბენგნენოუ ბოლო ექვსი წელია, წლის მთავარი ტურნირის ფინალში გადის და აქედან სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ერხელ კი ოლიმპიური. ამჯერად გადამწყვეტ შეხევდრაში, მისი მეტოქე, იაპონელი – მიკუ ტაშირო იყო, რომელთანაც ძირითად დროში მხოლოდ შიდოთი დაწინაურდა, დამატებითში კი იპონი შეასრულა და მიმდინარე ტურნირზე საფრანგეთს პირველი ოქრო, სულ კი მეორე მედალი მოუპოვა.

63კგ
1. კლარის აგბეგნენოუ (საფრანგეთი)
2. მიკუ ტაშირო (იაპონია)
3. ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია) -ჟუ ულ ფრანსენი (ჰოლანდია)

მსოფლიოს ჩემპიონატზე განვლილი ოთხი დღის შემდეგ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მააკაცთა და ქალთა შეჯიბრში, ჯამში ჯერჯერობით ათმა იაპონელმა იასპარეზა და უმედლოდ დარბაზი არცერთ (!) მათგანს არ დაუტოვებია – ოთხი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო !

სულ, სამი დღის შემდეგ, მედლების საერთო რაოდენობით ასეთი მდგომარეობაა:
ოქრო – იაპონია -4, უკრაინა, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, ირანი.
ვერცხლი – იაპონია-5, რუსეთი, ყაზახეთი, დიდი ბრიტანეთი.
ბრინჯაო – არგენტინა, ყაზახეთი, საფრანგეთი, ბრაზილია, კანადა, მონღოლეთი, იაპონია, საქართველო, უკრაინა, სამხრეთ კორეა, ირანი, აზერბაიჯანი, სლოვენია, ჰოლანდია, გერმანია.