ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებენ #1TVSPORT
ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებენ #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ქალებიდან კი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გავლენ. შავდათუაშვილი A ბადეშია განთესილი და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც, სავარაუდოდ, სოიჩი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდება – იაპონელს პირველ წრეში მაროკოელი ძიუდოისტის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. ლაშას მსოფლიო ჩემპიონატებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.

ეთერ ლიპარტელიანი C ბადეშია და ასპარეზობაში ისიც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ქართველის მეტოქე პირველ შეხვედრაში ჩინელი ქი ცაი იქნება. ლიპარტელიანის ბადეში კანადელი კრისტა დეგუჩი გამოდის.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით – 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ტურნირის მეორე დღეს ასევე მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა ვაჟა მარგველაშვილსაც (66 კგ), მაგრამ ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში მონღოლ ძიუდოისტთან დამარცხდა.