ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გიორგი სარდალაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT
4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც 13 ქართველი გამოვა.
შეჯიბრის პირველ დღეს ოქროს მედლისთვის 2024 წლის მსოფლიო პირველობის გამარჯვებული, 23 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) იჭიდავებს. ქართველი პირველ წრეში თავისუფალია, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი იცხაკ აშპიზი იქნება.
აღსანიშნავია, რომ C ბადეში სარდალაშვილის პოტენციური მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი რიუჯუ ნაგაიამაა. წინასწარ შეხვედრებში წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.
მსოფლიო ჩემპიონატი ინდივიდუალურ ასპარეზობებში 10 ოქტომბერს მძიმეწონოსანი ძიუდოისტების გამოსვლით დასრულდება. 11 ოქტომბერს კი შერეული გუნდური ასპარეზობა გაიმართება.
დღეს მედლები მამაკაცთა 60 და ქალთა შორის 48 კგ კატეგორიაში გათამაშდება.
მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.