ძიუდო | მინსკი 2019
ძიუდო | მინსკი 2019

ძიუდო – იაპონური საბრძოლო ხელოვნება, ფილოსოფია და სპორტის სახეობაა. ის მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იაპონელმა პედაგოგმა ძიგორო კანომ შექმნა. მან ჯიუ-ჯიცუდან და სუმოდან ყველაზე ეფექტური ილეთები შეარჩია,  თავდაცვის ხერხები, ჭიდაობის ტექნიკა დახვეწა, დაამუშავა შეჯიბრების წესები და ჭიდაობას სპორტული ხასიათი შესძინა. ძიუდოს პოპულარიზაციას ხელი შეუწყო არა მარტო მისმა სპორტულმა მხარემ, არამედ ფიზიკური და სულიერი აღზრდის სისტემის პროგრესულობამ. კრივის, კარატესა და სხვა საბრძოლო სახეობებისგან განსხვავებით, ძიუდოს მთავარი მახასიათებლები გდებები, მტკივნეული და მახრჩობელა ილეთებია. სხვა საჭიდაო სახეობებისგან ძიუდო იმით განსხვავდება, რომ აქ ილეთების შესრულების დროს ფიზიკური ძალის  გამოყენება ნაკლებად ხდება და უფრო დიდი მნიშვნელობა ტექნიკას ენიჭება.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძიუდო, კაცების მონაწილეობით, 1964 წლიდან შევიდა, ქალთა მონაწილეობით, 1992 წლიდან.

მინსკის ევროპულ თამაშებზე მედლების 15 კომპლექტი გათამაშდება, რომლებისთვისაც 400-მდე სპორტსმენი იბრძოლებს. შეჯიბრი „ჩიჟოვკა არენაზე“ 22 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება.

საქართველო მინსკში 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. მათ ერთი გოგონაა:

ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ)

ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ)

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ)

ლუკა მაისურაძე (81 კგ)

ბექა ღვინიაშვილი (90კგ)

ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ)

გურამ თუშიშვილი (100+ კგ)

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)

მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ, თამაშები, ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.