ძიუდო | „მებრძოლი“ საკლუბო ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, „არეა“ და „გოლდენ გორი“ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ქართული კლუბი „მებრძოლი“ ფინალში სერბულ „რედ სტარს“ დაუპირისპირდება. „მებრძოლმა“ მეოთხედფინალში ჯერ ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ მოუგო.

გორელთა შემადგენლობაში გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ლუკა მაისურაძემ (90 კგ) შეძლო. „მებრძოლის“ რიგებში კი წარმატებულად გურამ თუშიშვილმა (+90), გიორგი ჩიხელიძემ (73), ტატო გრიგალაშვილმა (81) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66) იასპარეზეს.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში, ქართულ-ფრანგული კლუბების შეხვედრისას, ჩვენმა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს 10-გზის და ოლიპიადების 2-გზის გამარჯვებულ ტედი რინერს ვაზარით მოუგო.

ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართული კლუბი „არეა“, რომელიც, ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, ბრინჯაოს მედლისთვის „გოლდენ გორს“ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ გორი“ შარშანდელი გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია — გორელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „მებრძოლი“ დაამარცხეს.