ძიუდო | ლოლაძე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია, სარდალაშვილი ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი იბრძოდა, რომელთაგანაც 18 წლის ნინო ლოლაძემ (57 კგ) ბრიტანელი ლელე ნაირნე პირველ წრეში დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

შეჯიბრს პირველივე დაპირისპირებაში გამოეთიშა ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ხოლო ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ) პირველი შეხვედრები ჯერ არ ჩაუტარებიათ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.