ძიუდო | ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას სამი განაგრძობს – მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ტურნირის ფინალში გავიდა. ქართველმა ნახევარფინალში ფრანგ ჟან-ბენჟამინ გაბას დამატებით დროში მოუგო და ფინალში ნეიტრალური დროშით გამომასვლელ აგაიანს შეხვდება.

ნახევარფინალში იჭიდავებენ ირაკლი ბეროშვილი და ზაურ დვალაშვილი (ორივე – 81კგ). ბეროშვილი თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაქს დაუპირისპირდება, დვალაშვილი კი მოლდოველ პელივანს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.