ძიუდო | ლაშა გუჯეჯიანი - მინდა, ყველა მედალი აქ დარჩეს [ვიდეო] #1TVSPORT
ძიუდო | ლაშა გუჯეჯიანი - მინდა, ყველა მედალი აქ დარჩეს [ვიდეო] #1TVSPORT

26-28 მარტს, ისტორიაში პირველად თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს. ოლიმპიურ სასახლეში 86 ქვეყნის 539 სპორტსმენი იასპარეზებს, რომელთა შორისაც 36 ქართველი იქნება. საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მასპინძლისთვის განკუთვნილი კვოტა ბოლომდე გამოიყენა და შვიდივე წონით კატეგრიაში, მედლებისთვის ოთხ-ოთხი ქართველი იბრძოლებს. გრანდ სლემზე არ იქნება ნაკრების რამდენიმე  ლიდერი, რის მიზეზებზეც და ზოგადად ნაკრების შესახებ ლაშა გუჯეჯიანმა „ტაიმაუტთან“ ისაუბრა. 

 

შემადგენლობა

„მეც ძალიან მესიამოვნებოდა, რომ ოპტიმალური შემადგენლობით გვეასპარეზა, მაგრამ ამ ტურნირს თავის დანიშნულება აქვს. წვრთნის ეტაპები არის დაყოფილი, იგივე ინდივიდუალური მიდგომებით ვიღაცას სჭირდება და ვიღაცას არა.

მესმის, გულშემატკივარს უნდა ნახოს თუშიშვილი, ლიპარტელიანი… მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანი არის ოლიმპიური თამაშები. აქედან გამომდინარე, იმ პრინციპებს ვერ ვუღალატებ და იმ იდეას სასწორზე ვერ დავდებ რასაც ოლიმპიური თამაშები ჰქვია. უბრალოდ, ეს ყველაფერი მზადების კონკრეტული გეგმის ნაწილია.“

-60 კგ.

„60 კილოგრამში საკმაოდ ძლიერი და პერსპექტიული სპორტსმენები გვყავს. ყველამ კარგად იცის თემურ ნოზაძის შესახებ. ის არის ძიუდოისტი, რომელსაც დიდ ტურნირებზე აქვს მედლები მოპოვებული და ახლაც ამავე შედეგს ველით.

მეორე იქნება ჯაბა პაპინაშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებში,  საქართველოს ჩემპიონია და ვფიქრობ რომ ისიც თავს გაართმევს ამ დავალებას და მედლისთვის იბრძოლებს. მედლის ხარისხს შეგნებულად არ ვუსვამ ხაზს, არავის არ გაუკვირდება მისგან ოქროს მედალიც.

გვყავს პერსპექტიული ახალგაზრდები. შაქრო შათირიშვილი საქართველოს პრიზიორია და აქედან გამომდინარე მოხვდა შემადგენლობაში.

გვაქვს ორი საქართველოს ჩემპიონატი.მეორეში პრიზიორების გარდა ყველა ჭიდაობს და სწორედ ამ ტურნირის გამარჯვებული ლაშა ჩადუნელი გვემატება მეოთხე კაცად.“

 

ლუხუმ ჩხვიმიანი

„მძიმეს ვერ დავარქმევ, მაგრამ საყურადღებო ტრავმა აქვს. არც განცდა არც დასკვნა არ არის, რომ ლუხუმი ვერ შეძლებს ოლიმპიადაზე მონაწილეობას. იგი რეაბილიტაციას გადის და უკვე დაიწყო მსუბუქი ვარჯიში. რაც ძალიან სასიამოვნოა.

ლუხუმი ძალიან ძლიერი და მებრძოლი  სულის სპორტსმენია და, ვფიქრობ, რომ იმ მიზნისთვის რაც ერთად გვაქვს, ეს ტრავმა იქნება უმნიშვნელო.

 

ამირან პაპინაშვილი

„მას შემდეგ რაც ნაკრების მწვრთნელად დავინიშნე ამირანმა გამოთქვა სურვილი,  რომ გაეგრძელებინა სპორტული კარიერა, ჩვენც მაქსიმალურად გვერდში ამოვუდექით და შევუწყვეთ ხელი, მაგრამ კონკრეტულ მომენტში, როცა საჭირო გახდა მისი წონის კლება და საშეჯიბრო პრაქტიკა, სირთულე მისთვის აღმოჩნდა წონის დაკლება და განაცხადა, რომ დალებას ვერ შეძლებდა. თუ მომავალში წონას შეიცვლის, როგორ განვითარდება მოვლენები, ამ ეტაპზე პასუხი არ მაქვს. 60 კილოგრამში მან კარიერა დაამთავრა.

 

-66 კგ.

„ამ წონაში გუნდის ლიდერი ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობს და მის ტიტულებზე ახლა არ დავიწყებ საუბარს. ვაჟა არის ერთ-ერთი ტოპ ძიუდოისტი, რომელიც ყველა ქვეყნისთვის სასურველია და ყველა ძიუდოისტისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა.

იგივე შემიძლია ვთქვა ბაგრატ ნინიაშვილზე. ისიც ამ კატეგორიის სპორტსმენია, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩავარდნები გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბაგრატიც თავის სიტყვას იტყვის.

გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია და გვყავს ბექა წიფიანი. ის „პროექტი 2020-დან“ მოყოლებული ჩემთან ერთად არის და საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდაა.“

 

-73 კგ.

„ამ წონით კატეგორიაში გუნდის ერთპიროვნული ლიდერი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობს.

მასთან ერთად თელ-ავივში გამართულ გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალაშვილმა, რომელსაც შეცვლილი ჰქონდა წონა (81 კილოგრამში იყო ასული), ახლა ისევ 73 კილოგრამში დაბრუნდა და საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა ისრაელში. თბილიშიც გამოვა და იმედია წარმატებას მიაღწევს.

თორნიკე გვიჭიანი – საქართველოს ვიცე-ჩემპიონია, ხოლო ფრიდონ გიგანი – გამოცდილი სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონი, არაერთი ტურნირის მონაწილეა.

 

-81 კგ.

„ტატო გრიგალაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია…

გადავიდეთ შემდეგზე. ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებში, ასევე გიგა გიგაური…

გვყავს ერთი დებიუტანტი, რომელსაც ჯერჯერობით თვალსაჩინო წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ვთვლი რომ ის ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის. ეს არის დიმიტრი გოჩილაიძე, რომლიც დაგვემატა მეოთხე კაცად.“

 

კონკურენცია -90 კგ-ში

„საოლიმპიადო კონკურენცია ორ ადამიანს შორის მიდის – ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური, ორივე უზომოდ ნიჭიერი და ძლიერი სპორტსმენია… და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორი ძიუდოისტის „ჯახი“ ოქროს მედალს მოგვიტანს. მწამს, ასეთი კონკურენციით ყალიბდებიან ჩემპიონები. გადავწყვიტეთ, მათთვის აგვერიდებინა თბილისის გრანდ სლემი და მათი შეჯიბრება სხვა ღონისძიებაზე გადასულიყო. ისინი თბილისში იმიტომაც არ იასპარეზებენ, რომ თანაბარ კონკურენციაში და თანაბარ გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს.

ამ წონაში იასპარეზებენ ავთანდილ ჭრიკიშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი ქურდიანი და გიორგი პაპუნაშვილი. საკმაოდ გამოცდილი ბიჭები არიან. ავთანდილ ჭრიკიშვილი, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონია.“

 

-100 კგ.

„100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამორჩეული ახალგაზრდები გვყავს. ეს ვარლამ ლიპარტელიანის დამსახურებაა. ასეთი წარმატებული და პროფესიონალი ძიუდოისტი რომ გყავს წონაში, ეს დიდი მოტივაციაა ახალგაზრდა ბიჭებისთვის.

ამ კონკურენციაში ვითარდებიან, იგივე სულამანიძე, სანებლიძე, ჩიქოვანი… საქართველოს ჩემპიონმა, რომელსაც უნდა მიეღო მონაწილეობა ამ ტურნირზე – ნიაზ დიასამიძემ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო ფეხზე და მის ნაცვლად იასპარეზებს გიორგი ბერიაშვილი.“

 

+100 კგ.

„ამ წონაზე ბევრი რამე შეიძლება ითქვას. არ ასპარეზობს ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი. გურამს აქვს გრძელვადიანი პროგრამა, ასრულებს მას და შრომობს იმისთვის, რომ ისევ ის გურამ თუშიშვილი ვიხილოთ, რომელიც ჩვენ გვინდა და გვახსოვს.

თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს გელა ზაალაიშვილი. ლევან მატიაშვილი ტრავმის გამო გამოეთიშა, მას ტერფი აქვს გაბზარული.

+100-ში პერსპექტიული ახალგაზრდა საბა ინანეიშვილი გვყავს, ასევე ონისე ბუღაძე. ლევან მატიაშვილის ნაცვლად ვინ იქნება, მწვრთნელთა საბჭო გადაწყვეტს (უკვე გაირკვა, რომ მატიაშვილს გიორგი ქავთარაძე ჩაანაცვლებს. ავტ.)

 

მიზანი

„შეიძლება სიგიჟეა, მაგრამ ვწვალობთ, ვშრომობთ და მინდა ყველა მედალი! მინდა, ყველაფერი აქ დარჩეს.

ამ ეტაპზე თბილისში მიმდინარეობს ერთობლივი შეკრება, რომელშიც 12 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. რაც მთავარია, გუნდი ჯანმრთელადაა და ყველანაირი პირობა გვაქვს შექნილი ძიუდოს ფედერაციისგან იმისთვის რომ ვიყოთ წარმატებულები.“

დატოვე კომენტარი