ძიუდო | კაპანაძემ და დვალაშვილმა ორ-ორი ბრძოლა მოიგეს და მედალს უახლოვდებიან [ვიდეო] #1TVSPORT
ძიუდო | კაპანაძემ და დვალაშვილმა ორ-ორი ბრძოლა მოიგეს და მედალს უახლოვდებიან [ვიდეო] #1TVSPORT

პორტუგალიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის გათამაშებაში დღეს სამი ქართველი სპორტსმენი ჩაერთო. 81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილი, 73 კგ-ში გიორგი ჩიხელიძე და ლუკა კაპანაძე. მათგან ბრძოლას ორი განაგრძობს.

დვალაშვილმა პირველ შეხვედრაში ტაჯიკეთის წარმომადგენელი შოდმონ რიზოევი დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში ასევე შუააზიელ ბეკადილ შაიმერდენოვს (ყაზახეთი) სძლია. ქართველი ძიუდოისტი მესამე შეხვედრაში მაროკოელ აჩრად მოუტის შეხვდება.

73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძემაც ორი შეხვედრა გამართა. ჯერ ლიეტუველი კესტუტის ვიტკაუსკასი დაამარცხა, ხოლო შემდეგ მძიმე ბრძოლა გადაიტანა უზბეკ ობიდხონ ნომონოვთან. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა და ჯამში 8 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. გიორგი ბოლომდე აქტიური იყო, თუმცა ერთი ილეთი გაეპარა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამავე წონაში დამაჯერებლად გამოდის ლუკა კაპანაძე. პირველ ტურში მასაც ლიეტუველი შეხვდა – იგნას გიედრაიტისი. ქართველმა ორი ვაზარით გაიმარჯვა. მომდევნო წრეში კი საქმე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან, ფრანგ ჟილემ შეინთან ჰქონდა. ერთი ქულით სწორედ ფრანგი დაწინაურდა, თუმცა ლუკამ ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, დამატებით დროში კი მეტოქე ეფექტური გდებით დაამარცხა.

მესამე ტურში კაპანაძის მოწინააღმდეგე კიდევ უფრო ძლიერი მეტოქე, ბელგიელი ჯერონ კასე იქნება.