ძიუდო I ბექაურმა და მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს მედლების მოპოვებას ორი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება – 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ასპარეზობენ.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე კი ტაჯიკ უსტუპირიონს შეხვდა და მეტოქე მარტივად, იპონით დაამარცხა. ბექაურის წონაში გამომსვლელი იაპონელი სანშირო მურაო A ჯგუფში გამოდის და არ არის გამორიცხული, 1/2-ფინალში ქართულ-იაპონური დაპირისპირება ვიხილოთ.

ტურნირზე ასევე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლუკა მაისურაძემაც. მან მეორე წრეში უნგრელ გოზს შებოჭვით სძლია და, ბექაურის მსგავსად, მერვედფინალში იჭიდავებს. ქართველი ძიუდოისტები წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან. მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისი დროით 11:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილი კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) დაიკავა.