ძიუდო | გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ექვსი ქართველი ასპარეზობს. ტურნირზე პირველი შეხვედრა უკვე ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა (81კგ). ქართველმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი სიბატულ არაბი გაფრთხილებებით დაამარცხა და შეჯიბრების მერვედფინალში გავიდა.
ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ), ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია (ორივე 70კგ) პირველ დაპირისპირებებს მოგვიანებით ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყო, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.