ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს - ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს - ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დღეს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი იბრძოლებს.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს და მეორე ეტაპზე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რამაზან აბდულაევსა და ავსტრიელ დანიელ ლეუტბეგს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილიც მეორე წრიდან იჭიდავებს. იგი პირველ შეხვედრაში ასევე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მურად ჩოპანოვსა და მოლდოველ რადუ იზვორეანუს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ქალთა შორის 57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანის პირველი მეტოქე ესპანელ ადრიანა როდრიგეს-სალვადორისა და ნეიტრალური დროშთ მოასპარეზე ქსენია გალიცკაიას შეხვედრაში გამოვლინდება, ხოლო ნინო ლოლაძე პირველ წრეში ბრიტანელ ლელე ნაირნეს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.