ძიუდო | ბუდაპეშტის მასტერსი გიორგი ტერაშვილმა გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირზე მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.

შეჯიბრზე მეორე წრიდან ჩაერთო და პირველი გამარჯვება მოიპოვა ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილმა (73 კგ). ქართველმა უზბეკი ობიდხონ ნომონოვი დამატებით დროში იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს შეხვდება.

ამავე წონაში რამდენიმე წუთში იჭიდავებს ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც კუბელ მაგდიელ ესტრადას შეხვდება.

81 კგ-ში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ყირგიზ ასად მასაბიროვსა და ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზარს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.