ძიუდო | ბექაურმა და სომხიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა ლაშა ბექაურმა (90კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78კგ) პირველი გამარჯვებები მოიპოვეს.

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა უნგრელი როლანდ გოსი იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ამავე ეტაპზე იჭიდავებს სომხიშვილიც, რომელმაც ლიეტუველ მოწინააღმდეგეს სძლია. ტურნირზე ჯერ პირველი ორთაბრძოლები არ ჩაუტარებიათ ილია სულამანიძეს (100 კგ) და გურამ თუშიშვილს ( +100 კგ).

კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ტურნირი კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.