ძიუდო | ასტანის გრანდ სლემზე ცხრა ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
9-11 მაისს ასტანაში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ყაზახეთის დედაქალაქში 45 ქვეყნის 350-მდე ძიუდოისტი იასპარეზებს, მათ შორის – ცხრა ქართველი სპორტსმენი.
შეჯიბრების წილისყრა უკვე გაიმართა და ჩვენი სპორტსმენების პირველი მეტოქეებიც ცნობილია:
60 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე მაზიაშვილი უნგრელ ჩანად ფეჩკოს დაუპირისპირდება.
73 კგ-ში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება – გიორგი ჩიხელიძე შვეიცარიელ ნილს შტუმპს შეხვდება, მიხეილ ბახბახაშვილი კი ინდონეზიელ დევა პუტრას.
81 კგ-ში ზაურ დვალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე რუს ეგორ სუხოპაროვს შეხვდება, ირაკლი ბეროშვილის მეტოქე კი ბრაზილიელი ლუან ალმეიდა იქნება.
90 კგ-ში სოსო ებილაშვილი ფრანგ ალეკსა მიტროვიჩს გაეჯიბრება, ხოლო აკაკი ჯაფარიძე თურქმენ მამედალი აჩილდიევს დაუპირისპირდება.
მძიმეწონოსნებში ორი ქართველი იასპარეზებს – ირაკლი დემეტრაშვილი ყაზახ ჟამბილ ტურგინალიევს დაუპირისპირდება, საბა ინანეიშვილის მეტოქე კი ფრანგი ტიმან დიაბი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოდან ცხრა სპორტსმენი გამოვიდა (შვიდი მამაკაცი და ორი ქალი), თუმცა მედლის მოპოვება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.