ძალოსნობა | ბაქარ თურმანიძემ მეოთხე ადგილი დაიკავა - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა რვა მედლით დაასრულა #1TVSPORT
ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს მამაკაცთა შორის +110 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა, ბაქარ თურმანიძემ იასპარეზა.
თურმანიძემ ატაცში 187 კგ. ასწია და მეოთხე ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 219 კილოგრამი დაძლია და მეხუთე ადგილს დასაჯერდა, ორჭიდის ჯამში კი 406 კილოგრამი მოაგროვა და გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ევროპის ჩემპიონი სომხეთის ნაკრების წევრი ვარაზდათ ლალაიანი გახდა, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა (ატაცში 210 კგ, აკვრაში 241 კგ, ორჭიდის ჯამში 451 კგ).
ამით ბათუმში ევროპის ჩემპინატი დასრულდა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია – ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
გოდერძი ბერდელიძე (60 კგ): ევროპის ჩემპიონი – ოქროს მედალი ატაცში.
რამინ შამილიშვილი (60 კგ): ბრინჯაოს მედალი ატაცში.
არჩილ მალაყმაძე (79 კგ): ბრინჯაოს მედალი აკვრაში.
ზურაბ მსხალაძე (88 კგ): ევროპის ჩემპიონი – ოქროს მედალი აკვრაში, ვერცხლი ორჭიდის ჯამში.
მანუჩარ გოგოხია (88 კგ): ბრინჯაოს მედალი ატაცში.
ანასტასია გოტფრიდი (+86): ვერცხლი ატაცში და ბრინჯაო ორჭიდის ჯამში.