ძალოსნობა | 17-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 14 მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა კოლუმბიაში ჩატარებულ U17 მსოფლიო ჩემპიონატზე, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურისა და მწვრთნელ ბეჟან ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით, 14 მედლის (5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს) მოპოვება შეძლო.
სპორტსმენების ინდივიდუალური შედეგები:
გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დავით კილაძემ (71 კგ) ატაცში – ბრინჯაოს, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები დაისაკუთრა და კოლუმბიაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
თამაზ მეგრელიშვილმა (94 კგ) სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს (+94 კგ) გამარჯვება ერთდროულად ორმა ქართველმა იზეიმა. ნიკოლოზ კურტანიძემ და ხვიჩა კიწმარიძემ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურები გაინაწილეს:
ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები ერგო.
ნიკოლოზ კურტანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი დაისაკუთრა – ძალოსანმა აკვრასა და ორჭიდში საუკეთესო შედეგები დააფიქსირა. კოლუმბიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ მის საპატივსაცემოდ, საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
გუნდური შედეგები:
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ანთაურის მეთაურობით საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ შეინარჩუნა ადგილი მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შორის. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მედლების რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ქულებით მესამე პოზიცია დაიკავა.