ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე - 5 აპრილს გავიგე, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გამოვდიოდი, რაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის პირად დამოკიდებულებას უკავშირდება
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე - 5 აპრილს გავიგე, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გამოვდიოდი, რაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის პირად დამოკიდებულებას უკავშირდება

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მისთვის 5 აპრილს გახდა ცნობილი, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გამოდიოდა. როგორც სპორტსმენმა საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ეს ფაქტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პირად დამოკიდებულებას უკავშირდება.

„ვემზადებოდი ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც ბათუმში ტარდებოდა და იყო ოლიმპიადის სალიცენზიო. მქონდა იმის შანსები, რომ ოლიმპიადის ლიცენზია მომეპოვებინა, მაგრამ 5 აპრილს გავიგე ის ფაქტი, რომ მე არ გამოვდიოდი ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელია.

ეს ყველაფერი უკავშირდება ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას, პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ქალ ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფში ვეღარ იასპარეზებდა, რადგან ჩემპიონატიდან ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო, ბრინჯაოს მედალოსანი თათია ლორთქიფანიძე მოიხსნა.

ფაქტს ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

„იმედი მაქვს, ეს დაკავშირებული არ არის ქალთა დისკრიმინაციასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გახსნის ღონისძიებაზე.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ლორთქიფანიძე მკაცრი დისციპლინური სასჯელის გამო ვერ მონაწილეობს თამაშებში და ამით ქვეყანა ზიანდება.

„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ქალს, არ მესმის ასეთი გადაწყვეტილებები, როცა ადამიანს ბრინჯაოს მედალი აქვს, ასევე გავლილი აქვს დოპინგი და მასზე დიდი იმედები იყო ოლიმპიურ თამაშებში, რაღაც დისციპლინური მკაცრი დასჯის გამო, ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპულ თამაშებში. ამით ზიანდება ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თემაზე კომენტარი გააკეთა ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ და აღნიშნა, რომ ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე არც ერთი მწვრთნელის მითითებას არ დაემორჩილა და სისტემატურად აცდენდა ვარჯიშებს.

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დღეს დაიწყო.