დვალმა კვიპროსში პირველად გაიტანა, ქვილითაიამ ისევ „ომონია“ დაამწუხრა - „აპოელმა“ პრინციპული მეტოქე გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT

ორი ქართული გოლი გავიდა კვიპროსის ჩემპიონატის შეხვედრაში, რომელშიც „აპოელმა“ „ომონია“ 4:0 დაამარცხა.

ქართული სამეულიდან ძირითად შემადგენლობაში ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია (61-ე წუთზე შეცვალს) იყვნენ, ხოლო მურთაზ დაუშვილი მატჩს სათადარიგოებიდან ადევნებდა თვალს და არ უთამაშია.

სწორედ ქართველებმა შეასრულეს გადამწყვეტი როლი „აპოელის“ მოგებაში, რომელიც ყველაზე პრინციპულ მეტოქეს დაუპირისპირდა. „ომონია“ 25-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასული ქვილითაია მოცელეს. ამით ქართველების გუნდმა კარგად ისარგებლა. 45+3-ე წუთზე ანგარიში ლაშა დვალმა ქვილითაიას გადაცემით გახსნა და კვიპროსში პირველი გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე კი თავად ქვილითაიამ გაიტანა, მალე კი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

„აპოელი“ 27 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა და ლიდერ „პაფოსს“ (სადაც ლევან ხარაბაძე თამაშობს) 2 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ გიორგი ქვილითაიამ ბოლოს ჩემპიონატში გოლი სწორედ „ომონიასთან“გაიტანა. ეს წინა ჩემპიონატში 25 თებერვალს მოხდა და მაშინ დუბლი შეასრულა.