ლაშა დვალი „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და გოლი გაიტანა – ეს კვიპროსის პირველ დივიზიონში „დოქსასთან“ შეხვედრაში მოხდა, რომელიც 1:1 დასრულდა.
24-ე ტურის მატჩს ქართული სამეულის გუნდმა უმასპინძლა, „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში კი მხოლოდ ლაშა დვალი იყო (90+6-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო), მურთაზ დაუშვილი განაცხადში გახლდათ, მაგრამ არ უთამაშია, ხოლო გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იყო.
ანგარიში „აპოელმა“ გახსნა. 29-ე წუთზე ნიქოზიელებმა სტანდარტი შეასრულეს, რომლის შემდეგაც ლაშა დვალმა მეტოქეებს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით გოლი გაიტანა. „დოქსამ“ წონასწორობა 49-ე წუთზე ასანტეს გოლით აღადგინა.
„აპოელმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა და 53 ქულით მეორე ადგილზეა. ქართველების გუნდმა ლიდერი აეკ-ის (54) გადასწრების და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგა.