დვალმა გოლი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა - „აპოელმა“ სტუმრად ქულა მოიპოვა #1TVSPORT
დვალმა გოლი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა - „აპოელმა“ სტუმრად ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ლაშა დვალმა კვიპროსის ჩემპიონატში გაიტანა, მაგრამ „აპოელმა“ სტუმრად „პაფოსთან“ შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

კვიპროსის პირველი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფის 33-ე ტურის მატჩში დვალთან ერთად „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია იყო, რომელიც გუნდს კაპიტნობდა. მურთაზ დაუშვილი კი სათადარიგოებში იყო.

შეხვედრაში ანგარიში მეხუთე წუთზე „პაფოსმა“ გახსნა. 29-ე წუთზე ლაშა დვალმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და გოლი გარდაცვლილი ქართველი ფეხბურთელის, ილია კერძევაძის (ბაჯოს) ხსოვნას მიუძღვნა. ამის შემდეგ ტაბლოზე შედეგი აღარ შეცვლილა.

გუნდებმა მატჩი სრული შემადგენლობებით ვერ დაამთავრეს. „პაფოსი“ კაცნაკლული 35-ე წუთზე დარჩა, მასპინძლებს ჟუნინიო გაუძევეს, ხოლო „აპოელს“ 68-ე წუთზე – კარო.

კვიპროსის ჩემპიონატში „აპოელი“ 33 თამაშის შემდეგ 65 ქულით მეორე ადგილზეა. ლაშა დვალმა კი 22 შეხვედრაში უკვე მესამე გოლი გაიტანა.