დვალის ნაცვლად კობახიძე - ვაისმა შემცვლელი საქართველოში იპოვა
დვალის ნაცვლად კობახიძე - ვაისმა შემცვლელი საქართველოში იპოვა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩებისთვის დაგეგმილ შეკრებაზე ბათუმის „დინამოს“ მცველის, მამუკა კობახიძის გამოძახება გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ფერენცვაროშის” მცველმა, ლაშა დვალმა ტრავმა მიიღო. მწვრთნელს მის შემცვლელის ძიებამ მოუწია.

სექტემბრის შეხვედრებში გამოძახებული მოთამაშეებიდან უკვე მეორე დაშავდა – პირველად ცნობილი გახდა, რომ „უფას“ მცველი, ჯიმი ტაბიძე იყო ტრავმირებული და შეკრებაზე ვერ ჩამოდიოდა. მას თბილისის „დინამოს“ მცველი დავით კობოური შეცვლის.

გიორგი ნავალოვსკის და ჯაბა ჯიღაურის შემდეგ კობახიძე მესამე ფეხბურთელია, რომელიც ვაისმა შეკრებაზე ბათუმის “დინამოდან” მიიწვია. მამუკა კობახიძე 28 წლისაა. გამოდიოდა საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. ეროვნულში პირველად 2013 წელს გამოიძახეს, მაგრამ მისი ფორმით არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრები C2 ჯგუფში პირველ მატჩს 5 სექტემბერს ტალინში ესტონეთთან სტუმრად ჩაატარებს, 8 სექტემბერს კი თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.