დვალი უნგრეთის ჩემპიონია, ოქროს ხოჭოლავაც მიუახლოვდა, პაპუნაშვილი მოედანს დაუბრუნდა
დვალი უნგრეთის ჩემპიონია, ოქროს ხოჭოლავაც მიუახლოვდა, პაპუნაშვილი მოედანს დაუბრუნდა

ლაშა დვალი პირველი ქართველი ლეგიონერია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. უნგრეთის ჩემპიონატში სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მისმა გუნდმა, „ფერენცვაროშმა“ „ჰონვედთან“ 2:3 წააგო. თუმცა, მისმა კონკურენტმა, „ვიდმაც“ ვერ მოიგო (1:1), „ფერენცვაროშს“ ვეღარ დაეწევა, შესაბამისად, „ფერენცვაროშმა“ ოქროს მედალი ვადამდე გაინაღდა. ბოლო შეხვედრაში, ტრადიციულად, დვალი „ფერენცვაროშის“ შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

დონეცკის „შახტარში“ ჩემპიონის ტიტულის მოპოვების რეალური პერსპექტივა გააჩნია დათა ხოჭოლავას. დონბასელებმა ფინალური ექვსეულის ბოლო შეხვედრაში გასვლაზე „მარიუპოლი“ 1:0 დაამარცხეს, 67 ქულა აქვთ და ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე კონკურენტ კიევის „დინამოს“ შვიდი ქულით ასწრებენ. ხოჭოლავამ ბოლო მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა.

საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას კი რუსეთში ვიცე-ჩემპიონობის შანსი აქვთ. კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივში“ კრასნოაირსკის „ენისეისთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო – მოსკოველებმა კი 2:1 მოიგეს. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. კვარაცხელია „ლოკომოტივის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ჯანო ანანიძემ სამარის „კრილია სოვეტოვის“ ფორმით რუსეთის პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და საგოლე გადაცემა გააკეთა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 26-ე ტურში გათამაშების ლიდერის, პეტერბურგის „ზენიტის“ წიანააღმდეგ ითამაშა და საგოლე გადაცემა 44-ე წუთზე გააკეთა, როდესაც მისი გუნდი 1:3-ს აგებდა და გუნდს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა, მაგრამ „ზენიტმა“ მეოთხეც გაიტანა და 4:2 მოიგო.

ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებით გიორგი ჩაკვეტაძის ამბავი აინტერესებს: ბელგიის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის მეექვსე ტურში მისმა გუნდმა, „გენტმა“ „გენკს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველი განაცხადშიც არ ყოფილა – ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის იმედი საოპერაციოა. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კი „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად დააყენეს – მან 55-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ერთ წუთში კი შეცვალეს.

სამთვიანი შესვენების შემდეგ, „სარაგოსას“ განაცხადში გიორგი პაპუნაშვილი შეიყვანეს – 23 წლის ქართველი ტერფის ტრავმას მკურნალობდა. ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „სარაგოსა“ „კორდობას“ ესტუმრა და მარკ გუალის ჰეთთრიკით 1:0-ს გაიმარჯვა. ქართველი მოედანზე 81-ე წუთზე სწორედ მატჩის გმირის ნაცვლად გამოჩნდა.

ავსტრიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ სახლში მეორეადგილოსან „ლასკს“ მასპინძლობდა. ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 57-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი ორთაბრძოლისას ზურგით ცუდად დაეცა და მოედნიდან გაიყვანეს.