დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ვსა და „ქუთაისი“ ითამაშებენ #1TVSPORT
დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ვიქტორ სანიკიძის საკალათბურთო აკადემიის გუნდი ვსა და „ქუთაისი 2010“ შეხვდებიან. ვსა დადიანის თასის მოქმედი მფლობელია და ტიტულს სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ ქუთაისელებთან დაიცავს. ვსა-მ შარშანდელ ფინალში აწ უკვე „ა“ ლიგაში დაქვეითებული „ამრა“ დაამარცხა, ხოლო „ქუთაისი“ ჯგუფში ჰყავდა და დაძაბულ ბრძოლაში 89:84 მოუგო.
ვსა-მ ნახევარფინალში საკმაოდ დიდი ბრძოლა გადაიტანა „ბათუმთან“, რომელსაც ბოლო წუთებზე – 79:76 სძლია.

ოვერტაიმი დაინიშნა მეორე ნახევარფინალში, რომელშიც დრამატული ბრძოლა შედგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდსა და „ქუთაისს“ შორის.
ბოლო წუთზე კსუ 5 ქულით (88:83) იგებდა და ბურთს ფლობდა, თუმცა საქმე ისე დატრიალდა, რომ ქუთაისელებმა ანგარიში გაათანაბრეს.
თამაშის დასრულებამდე 32 წამით ადრე კსუ-ს ლეგიონერმა, დონი ტილმანმა ორქულიანი ააცილა და ბურთი „ქუთაისს“ დარჩა. ჯავიონ ოგუნიემმა მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე ორქულიანი მიითვალა. გამთანაბრებელი სამქულიანი ქუთაისელთა ცენტრმა, ჯავიონ ოგუნიემიმ ზედ საფინალო სირენის წინ ჩააგდო – 88:88.
დამატებით დროში ქულა-ქულაში თამაში წავიდა, მაგრამ კსუ ლიდერობდა. კავკასიელები იგებდნენ ბოლო წამებზეც, მაგრამ გიორგი სულაბერიძემ ლუკა ალავიძის აცილებულს დაამატა და გამარჯვების ბურთი ჩააგდო – 97:96.
ქუთაისელებს დეტრიკ ბრაუნინგმა 31 ქულით, 5 მოხსნით და 5 პასით ულიდერა.
ფინალური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.