დუდუ დადიანის მემორიალი - „ოლიმპმა“ ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT
დუდუ დადიანის მემორიალი - „ოლიმპმა“ ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT

ოლიმპიურ სასახლეში დუდუ დადიანის ტრადიციული, მემორიალური ტურნირი დაიწყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ტრაგიკულად დაღუპული ვიცე-პრეზიდენტის სახელობის შეჯიბრება 2002 წლიდან იმართება და წლეულს იგი მეოცედ ტარდება. ტურნირში სუპერლიგის 9 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი

 

„გ“ ჯგუფი

კაკტუსი vs მეგა 65:70

სუპერლიგის დებიუტანტმა „მეგამ“ სეზონის პირველივე მატჩი მოიგო. მართალია, დუდუ დადიანის ტურნირი არაოფიციალურია და გუნდები ძირითადად მას შემადგენლობის შესარჩევად, ლეგიონერებისა და ახალწვეულების გამოსაცდელად იყენებენ, თუმცა გამარჯვებაც საკმაოდ ფასობს.

„მეგა“ „ა“ ლიგიდან ამოსვლის შემდეგ მთლიანად გადასხვაფერდა. რუსი მწვრთნელი, მიხეილ ტერიოხოვი და 4 ლეგიონერი – ნიკიტა ლეშკოვი, ნიკოლაი მუხა, ტაილერ კორბინი და ჯიმონ ჰენსონი. ამ უცხოელებს რამდენიმე ქართველი დაემატა. დადიანის მემორიალის პირველ მატჩში „მეგამ“ მეტოქე „კაკტუსზე“ დალაგებულად ითამაშა და მოგებაც დაიმსახურა.

უშუალოდ ამ მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ლუკა ზაქრაძის ზუსტი სამქულიანის შემდეგ, სირენამდე 2,5 წუთით ადრე, ანგარიში 65:65 იყო. „მეგას“ ამერიკელმა, ჯიმონ ჰენსონმა ორქულიანით თანაგუნდელები 67:65 დააწინაურა, რის შემდეგაც კაკტუსელებმა გათანაბრების არაერთი შანსი გაანიავეს და ტაილერ კორბინმა ზუსტი საჯარიმოებით ტერიოხოვის გაწვრთნილ გუნდს მოგება გაუნაღდა.

გამარჯვებულებს 18-18 ქულით ოთო ბულიავამ და ჯიმონ ჰენსონმა ულიდერეს. კორბინმა 17 ქულა მიითვალა, ნიკოლაი მუხამ შეხვედრა 5 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა. „კაკტუსში“ 23 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ანდრე ფოქსი. ლუკა ზაქრაძემ 14 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, რიკი მედისონის ანგარიშზე 14 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.

ამ ჯგუფში დუდუ დადიანის თასის მოქმედი მფლობელი „ქუთაისი“ ისვენებდა, რომელიც 7 ოქტომბერს „მეგას“ დაუპირისპირდება.

„ბ“ ჯგუფი

ტიტები vs ვერა 69:77

მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრ ბესიკ ლეჟავას, რომლის გაწვრთნილმა „ტიტებმა“ დუდუ დადიანის მემორიალის პირველ მატჩში „ვერასთან“ 8 ქულით წააგო.

ორივე გუნდში ამინდს ლეგიონერები ქმნიდნენ და სავარაუდოდ ასე იქნება სეზონის განმავლობაში. ვერელებმა „ოლიმპში“ გაუშვეს გუნდის ლიდერი, ეროვნული ნაკრების წევრი გივი ბაქრაძე და გუნდის ხელმძღვანელობამ მის შემცვლელად უკანახაზელი ლეგიონერები მოიყვანა. ერთ-ერთი ასეთი დარილ ბრაუნი გახლავთ, რომელიც 180 სანტიმეტრი სიმაღლის გამთამაშებელია და დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა.

შედეგიანობით ერთ-ერთი საუკეთესო იყო კიდევ ერთი უკანახაზელი თაჩ უნრუჰი, რომელმაც 17 ქულა მიითვალა. ვერელთა შორის 13 ქულით გამოირჩა გიორგი ცირიკიძე, საუკეთესო შედეგი კი კიდევ ერთმა ამერიკელმა ახალწვეულმა, ზაკ სელიასმა დააფიქსირა – 23 ქულა, 6 მოხსნა. „ტიტებში“ 25 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან რობერტსონი. 16 ქულა ისააკ ასრატის ანგარიშზეა.

ამ ჯგუფის მესამე გუნდი „ცხუმ-აფხაზეთია“, რომელიც შეჯიბრების მეორე დღეს „ვერას“ დაუპირისპირდება.

„ა“ ჯგუფი

ოლიმპი vs რუსთავი 95:78

დავით როგავას გაწვრთნილი „ოლიმპი“ როგორც დუდუ დადიანის მემორიალის, ისე მთლიანად სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. ამ გუნდში ლეგიონერებისა და ადგილობრივი როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა კალათბურთელების კარგი ბალანსია.

ოლიმპმა დაამარცხა წინა სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი „რუსთავი“, რომელსაც საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა ვერაფერი მოუხერხეს დაბალანსებულად მოთამაშე ოლიმპელებს. პირველი პერიოდი თბილისურმა გუნდმა 32:17 მოიგო, რის შემდეგაც ლიდერობას მთელი თამაშის განმავლობაში ინარჩუნებდა.

გამარჯვებულთაგან ახალგაზრდა ლუკა კალატოზიშვილი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულა და 7 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა, „ვერადან“ გადმოსულმა გივი ბაქრაძემ კი ოლიმპელებს 12 ქულა და 8 პასი შესძინა. რუსთაველთაგან 26 ქულით საუკეთესო იყო კრისტიან კილინგი, 18 ქულა რიკი პრაისმა დააგროვა.

ამ ჯგუფის მესამე წევრი თსუ გათამაშებაში 7 ოქტომბერს, „რუსთავთან“ დაპირისპირებით ჩაერთვება.

gbf.ge

დატოვე კომენტარი